ათენის ცენტრში, უბან ომონიაზე ქართველ აქტივისტებს, რომლებიც საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ეხმარებიან, თავს დაესხნენ. ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ და თავდასხმაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლას უკავშირდება. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ომონიაზე, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქტივისტები თანამოქალაქეების მონაცემებს აგროვებდნენ.
,,რამდენიმე პიროვნება, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, ამათ უკვე ვიზუალით ვცნობთ, დაესხნენ თავს ჩვენს ბიჭებს. იყო ფიზიკური შეხება, დარტყმა და როდესაც უკვე გადმოვიდნენ ჩვენზე, ერთ-ერთ ქალბატონს ეჭირა ტელეფონი ხელში, შეეცადნენ მისთვის ტელეფონის გამორთმევას, სამი კაცი დაესხა თავს და ვიდეომასალაც არსებობს, რომ ამ ქალმა მიიღო ხელზე დაზიანება. ვინ მოგცათ უფლება თქვენ აქ გამოჩნდეთ, აქ იცით რამდენი დაზარალებულია ნაციონალური წყობის დროსო?
სხვათა შორის, გუშინ იყო ჩამოსული ,,ქართულ ოცნების” პარლამენტარი ჯაფარიძე. პროვოკაცია იყო მათგან წამოსული და სავარაუდოდ ამ ჯაფარიძისგან წახალისებული”, – უთხრა ,,ფორმულას” ქართველმა ემიგრანტმა, მარინა ყარმაზანაშვილმა.