„მოგვწონს, თუ არა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და სწორედ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღევანდელი გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უახლოეს წარსულს ნამდვილად დავშორდით,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და  კიდევ ერთხელ განმარტავს იმ პროცესს, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.  

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა, დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, დეპუტატ ნიკანორ მელიას იმუნიტეტი დროებით მოუხსნა და საკითხი მსჯელობისთვის პროკურატურასა და სასამართლოს გადასცა. ოპონენტებმა, პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქოს, სასამართლოსთან უკვე შეთანხმებულ პატიმრობის მოთხოვნად მონათლეს და ნიკანორ მელია ცოდვილად გამოაცხადეს. ეს რომ ასე არ იყო, დღეს დადასტურდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა – აღკვეთის  ღონისძიებაზე, ბოლომდე არ გაითვალისწინა, პატიმრობა შინაპატიმრობით შეცვალა და ნოკანორ მელიას შეზღუდვები დაუწესა მანამ, სანამ, საგამოძიებო პროცესი არ დასრულდება და საბოლოო განაჩენი არ დადგება“ – აღნიშნავს დეპუტატი.  

როგორც დეპუტატი აცხადებს, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უახლოეს წარსულს დავშორდით.

„ეს პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უახლოეს წარსულს ნამდვილად დავშორდით, როცა განაჩენები კონკრეტულ პიროვნებებს გამოჰქონდათ და არა ინსტიტუციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მადლობა პირველ რიგში ნიკანორ მელიას აქვს სათქმელი, რომ მისი გუნდის – „ნაციონალური მოძრაობის” წესები დღეს აღარ მოქმედებს და სასამართლო  პოლიტიკას და პოლიტიკოსებს არ ექვემდებარება. გადაწყვეტილება მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და სწორედ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი“ – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები