საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე ბაიდენის ადმინისტრაციის უარს ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ. ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ პრობლემა ,,ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილშია.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” ქმედებებს შედეგებიც შესაბამისი მოჰყვება. ამის შესახებ დევიდ კრამერმა ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
,,საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია, რომ გავაგზავნოთ ისაა, რომ დავასანქციროთ ივანიშვილი, კობახიძე და ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს იმ მიმართულებას, საითაც ახლა ქვეყანა მიჰყავთ. სანქციებში ვგულისხმობ მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს და მათი აქტივების გაყინვას. ეს მათთვის ყველაზე ნათელი და ხმამაღალი გზავნილი იქნება.
იმედი მაქვს, რომ ამერიკა ასეც მოიქცევა. როგორც მე მესმის, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი ჯერჯერობით ამას აყოვნებს და დანარჩენი ადმინისტრაცია მზად არის ამ სანქციებისთვის. არ მესმის რატომ აყოვნებენ სანქციების აღსრულებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეფერხება მოგვარდება და ამერიკის მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.