“იმ დეპუტატებს, ვინც მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა, ვთხოვ, გადაწყვეტილება განმარტონ”- გია ვოლსკი

“გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი პარლამენტის დასაკავებლად არმიას მიუძღოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმ თანაგუნდელებმა, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, თავიანთი გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე უნდა განმარტონ.

“მმართველი გუნდის იმ დეპუტატებს, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კენჭისყრაზე თავი შეიკავეს, მოუწევთ ეს გადაწყვეტილება კოლეგებს განუმარტონ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არ არის პარლამენტის საქმე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი პარლამენტის დასაკავებლად არმიას მიუძღოდა”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ სასამართლოს პასუხი უნდა გასცეს ისე, რომ არ ჰქონდეს იმუნიტეტის იმედი:

“გასცეს პასუხი სასამართლოს ისე, რომ არ ჰქონდეს იმუნიტეტის იმედი, თან იმუნიტეტი კი არ შეუწყდა, შეუჩერდა, რათა გამოძიებას ჰქონდეს საშუალება ჩაატაროს პროცედურები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს ვერ გაიგეს, თუ გაიგეს და აქვთ სხვა გადაწყვეტილება, მაშინ ვიმსჯელოთ ამაზეც”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, მმართველი უმრავლესობის ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა: რომან კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მარიამ ჯაშმა კი განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა. 

მსგავსი თემები