აშშ-ის სენატორები ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვის შემოღებას ითხოვენ

აშშ-ის სენატორმა ვერმონტიდან ბერნი სანდერსმა სხვა კანონმდებლებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 220 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მქონე იარაღის მიყიდვას კრძალავს. ინფორმაცია სანდერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ნეთანიაჰუს ექსტრემისტული მთავრობისთვის იარაღის მომდევნო გაგზავნა მიუღებელია“, – წერია სანდერსის განცხადებაში.

ამერიკელი კანონმდებელი თვლის, რომ ისრაელის პრემიერი არა მხოლოდ „ჰამასს“, არამედ პალესტინელ ხალხს ეომებოდა.

,,ისრაელის მთავრობამ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ტოტალური ომი გააჩაღა, 41 ათასი პალესტინელი მოკლა და 95 ათასი დაჭრა, რომელთაგან 60% ქალები, ბავშვები ან მოხუცებია“, – აღნიშნა სანდერსმა.

მის განცხადებაში ასევე წერია, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდება არა მხოლოდ ამორალური, არამედ უკანონოც არის.

„არსებობს მრავალი დოკუმენტური სამხილი იმისა, რომ ეს იარაღი აშშ-ის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით გამოიყენება“, – დასძინა კანონმდებელმა.

ივარაუდება, რომ კანონპროექტის აშშ-ის კონგრესში კენჭს ნოემბერში უყრიან.

მსგავსი თემები