რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები უნდა იყოს სიგნალი რუსეთის არაკეთილმოსურნე ქვეყნებისთვის. მან კომენტარი გააკეთა ბირთვული დოქტრინის ცვლილებაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა.
კერძოდ, როგორც აღინიშნა, ცვლილებები გულისხმობს ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების საპასუხოდ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სუვერენიტეტს „კრიტიკული საფრთხე“ დაემუქრება.
„ეს უნდა ჩაითვალოს გარკვეულ სიგნალად. ეს არის სიგნალი, რომელიც აფრთხილებს არაკეთილმოსურნე ქვეყნებს მოსალოდნელ შედეგებზე, თუ ისინი ჩაერთვებიან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში სხვადასხვა საშუალებით, არა აუცილებლად ბირთვულით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, რა ბირთვული არსენალი აქვს რუსეთს. პესკოვის ინფორმაციით, მისი გაზრდა არ იგეგმება, მაგრამ, ამავე დროს, ხდება ბირთვული შეკავების კორექტირება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე არსებული დაძაბულობის ელემენტების გათვალისწინებით.
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის შევა ცვლილებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პუტინის მიერ გამოცხადებულ ცვლილებებს „ბირთვული შანტაჟი“ და „დაშინება“ უწოდა.