UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ-ესპანელი ჩემპიონი ილია თოფურია ტიტულის დასაცავად ემზადება. “ელ მატადორი” 26 ოქტომბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის უნდა დაუპირისპირდეს. ამ ბრძოლას განსაკუთრებული ინტერესით გულშემატკივრები როგორც საქართველოში, ისე ესპანეთში ელოდებიან.
თოფურიას და ჰოლოუეის შეხვედრა ესპანეთში სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” ჩატარებას ემთხვევა. 26 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის რეალმა ბარსელონა უნდა მიიღოს და გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთთან ერთად შერეული ორთაბრძოლებითაც ინტერესდებიან, რთული არჩევანის წინაშე დგებიან. ამ ფაქტს ესპანური მედია ეხმაურება.
“ლა ლიგის მე-11 ტურის განრიგმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იმ უქმეებზე უნდა გაიმართოს დიდი მატჩი, რომელიც ესპანეთის პარალიზებას გამოიწვევს – “ელ კლასიკო” რეალსა და ბარსელონას შორის. მაგრამ ამავე დღეს შედგეს ილია თოფურიას ბრძოლაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ტურნირში UFC 308, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თოფურიას გამოსვლის დრო “ელ კლასიკოს” მეორე ტაიმის მეორე ნახევარს დაემთხვევა.
ამ დამთხვევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი რეალის ფანებს შორის. ილია თოფურია ამ კლუბის დიდი გულშემატკივარია და კარგა ხანია ცდილობს, UFC-ის ტურნირი ესპანეთის დედაქალაქში, უფრო კონკრეტულად კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩამოიტანოს.
რადგან ორივე ღონისძიება ერთდროულად იმართება, ვერც ილია თოფურია შეძლებს “ელ კლასიკოს” ყურებას და ვერც მადრიდელი ქომაგები მოახერხებენ თავიანთი ერთ-ერთი კუმირის ბრძოლისთვის თვალის მიდევნებას. ამის საშუალება არ ექნებათ ფეხბურთისა და მთლიანად სპორტის სხვა გულშემატკივრებსაც, რომლებსაც ორ-ორი ეკრანი დასჭირდებათ იმისთვის, რათა თვალი ორივე ღონისძიებას მიადევნონ”, – წერს ესპანური მედია.