“ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ!“, – აკაკი ზოიძე “ნაციონალურ მოძრაობას”

“ჩემთვის პირადად, ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა სპეცსაშუალებებით შეიარაღებულ სპეცრაზმზე  ის ახლგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით, ალალად, ნამდვილად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უნდა მიიღონ ძალიან მძიმეა და პირველ რიგში პარლამენტარიზმის განვითარებას აზიანებს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს და ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება მძიმეა იმის გამო, რომ აზიანებს პარლამენტარიზმის განვითარებას ამ ქვეყანაში და იმ სტანდარტებს, რომლებიც უნდა პარლამენტარის დამოუკიდებლობას ეხებოდეს და არა იმიტომ, რომ ჩვენ კოლეგასთან მიმართებაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. 

პარლამენტარი, თუ პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრი, ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი. პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს, რომ დაარღვიოს კანონი, მითუმეტეს ისეთი სერიოზული დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, რაც არის სახელმწიფო გადატრიალება თუ ძალადობრივი შეჭრა პარლამენტში. ჩემთვის პირადად, ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა სპეცსაშუალებებით შეიარაღებულ სპეცრაზმზე  ის ახლაგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით, ალალად, ნამდვილად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ საქართველოს პარლამენტთან,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მელიამ კარგად იცოდა, რაც მოჰყვებოდა მის საქციელს, მაგრამ ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ “პატრონს” დაემორჩილა:

“ძალიან კარგად იცოდა რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ძალიან კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა – უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქედან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, ამას არად არ დაგიდებთ – არც გვამებს, არც ახალგაზრდების დასახიჩრებას, არც  გამოთხრილ თვალებს. 

აი ეს იყო ის მიზეზი, რაც მოხდა. ამიტომაც, ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ ხუთი დღის წინ მზერა ვერ გავუსწორე და ვერც მომავალში ვერ გავუსწორებ მზერას მაიკო გომურს იმიტომ, რომ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირადად ჩემ წილს, რომ აი იქ გავრილოვი იჯდა – ერთი. რომ თქვენ, პოლიტიკურად მართლა შავ ჭირს ამ ქვეყნის, ვერ ამოგაშლევინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერანაირ კვალი.

ჩვენ ის მივიღეთ, რაც დღეს მივიღეთ, და მეც პირადად ვარ ნამდვილად ამაში დამნაშავე და მთელი ჩემი ცხოვრება უნდა გამყვეს ეს დანაშაული, რომ ჩვენ მოვხვდით ამ სიტუაციაში, როდესაც ის ახალგაზრდები, ის პოლიციელები, რომლებიც ასევე ახლაგაზრდებია არიან და ჩვენი მამულიშვილები, ასეთ დღეში აღმოჩნდნენ. ასე, რომ ძალიან გთხოვ, ნუ გვაცოდებ თავს. თქვენ დაგვიჭერდით,  დაგვხვრეტდით,  გვაწამებდით და მთავარს ვიტყვი –  ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება. 9 წელიწადი აწამებდით ამ ქვეყანას და ერთი ბოდიში არ მოიხადეთ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი თემები