რუსეთის პლესეცკის კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის RS-28 Sarmat-ის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების” რუსული სამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, რაკეტა, სავარაუდოდ, აფეთქდა შახტში და ფაქტობრივად გაანადგურა სასტარტო მოედან „იუბილეინაიას“ ინფრასტრუქტურა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქება შეეძლო გამოეწვია სარაკეტო თხევად საწვავს, ანუ გაშვება შეიძლებოდა არც კი მომხდარიყო.
ცნობისთვის, RS-28 „სარმატი“ შექმნილია საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა. შემდგომში დაიწყო რაკეტების სერიული წარმოება. მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა დამზადდა და რამდენია აყვანილი საბრძოლო მორიგეობაზე, გასაიდუმლოებულია.