უკრაინაში ომს 1 მილიონი ადამიანი შეეწირა-მედია

მოკლული და დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რიცხვი 2,5-წლიან ომში 1 მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, უკრაინული მხარის კონფიდენციალური მონაცემების მიხედვით, ამ ომს 80 000 უკრაინელი სამხედრო შეეწირა, ხოლო 400 000 – დაიჭრა. რაც შეეხება რუსეთის მონაცემებს, დასავლური დაზვერვის აზრით, რუსებმა ომში 200 000 სამხედრო დაკარგეს, ხოლო 400 000 ადამიანი დაიჭრა. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, უკრაინამ, ბოლო 10 წელიწადში სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი დაკარგა.

ომმა დამანგრევლად იმოქმედა რუსეთის დემოგრაფიაზე და შრომის ბაზარზე. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი 600 ათასზე მეტმა რუსმა დატოვა. ძირითადად ესენი ახალგაზრდა სპეციალისტები არიან.

რუსეთის შეჭრამ კატასტროფული შედეგი მოიტანა უკრაინის მოსახლეობისთვისაც. 2001 წლის აღწერის მიხედვით, უკრაინაში 48 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს, რუსეთის შეჭრამდე ქვეყნის მოსახლეობა 40 მილიონი ადამიანი იყო. გაეროს მტკიცებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები მიიერთა, ხოლო კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის საერთო რიცხვი 27-დან 25 მილიონ ადამიანამდე შემცირდა.

 

მსგავსი თემები