შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 5 უცხოელი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე”, – წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.

მსგავსი თემები