“მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკლესიას და ქართველ ფეხბურთელებსაც”- ნიკოლოზ სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხაილ როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას, ქართველ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ფეხბურთელებსაც კი.

სამხარაძის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო არ ხვდება „ქართული ოცნება“ მიხაილ როთს.

„ამ განცხადებების გამო ბოდიშს ვიდრე არ მოიხდის, არ შევხვდებით. დავანებოთ თავი, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ჩვენს ეკლესიას. ძალიან მაინტერესებს, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა, გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად, საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათო. ასევე, „ქართული ოცნება“ არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლებაო. როთმა ქართველებზე, ფეხბურთელებზე თქვა, სამარცხვინო, თანხა რომ აიღესო. ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა“- განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი თემები