„2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „სისხლიანი რეჟიმი“ წარსულს ჩააბარა.
“პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა – ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ჩადიოდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც საქართველოს უკვე ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა და მომავალშიც ასეთივე წინსვლას მოუტანს”- განაცხადა კობახიძემ.