“საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
„დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.
სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები”- ამბობენ ცესკოში.