რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. წაქცეულია ათობით ხე, დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის პროგნოზის გამო მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩეხეთი, პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი. ავსტრიის მთებში უხვმა ნალექმა უკვე შეაფერხა ტრანსპორტის მოძრაობა. ავსტრიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში რეგიონში ათასამდე სამხედრო განათავსოს.