„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად”- სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ნატო-მ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.

„ვნანობ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა და თავად ნატო-მ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები