„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“- ბაიდენი

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინის ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ომის მუქარაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინზე ბევრს არ ფიქრობს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა ახლო აღმოსავლეთის ომიც, სადაც მნიშვნელოვანია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს და ლონდონს შორის მოლაპარაკებები ასევე ეხება ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება.

თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო საქმე გლობალურ საკითხებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი არა მხოლოდ როგორც ტაქტიკაზე, არამედ უფრო ფართო სტრატეგიაზე.

მსგავსი თემები