საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ

გასული წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის , რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახებში. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე მსჯელობამ წაიღო დროის დიდი ნაწილი. ბორდერიზაცია არის უმძიმესი ინციდენტი, შესაბამისად ის რვა ახალი ფაქტი განხილულ იქნა დეტალებში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი არის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი ამ შეხვედრებზე. არსებული ე.წ ათდღიანი პერიოდი არის არასაკმარისი, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ყველა ის სერვისი, რის გამოც ისინი გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს როგორც მინიმუმ მთელი თვის განმავლობაში და პერსპექტივაში აუცილებელია, ამ მიდგომის გაგრძელება საოკუპაციო ხაზის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით“, -განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, შემდეგი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები