„რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.
ვოლსკი ამბობს, რომ სპორტი განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის მათ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია.
რომან გოცირიძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულზე განაცხადა რომ:
„ლამაზი ფასადური სახეები – ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების” პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ – საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს“