ლუკა ტონიმ საქართველოს ნაკრები შეაქო

მსოფლიო ჩემპიონმა, იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლუკა ტონიმ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე და „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა, გუნდი ფინალურ ეტაპზეც წარმატებით გამოვიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა, ამის გამო საქართველოს ნაკრები შევაქო.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თავისი კლასი უკვე აჩვენა. ჩვენ ბედნიერება გვაქვს, რომ ის იტალიის სერია A-ში თამაშობს. კვარას შესახებ ყველაფერი ვიცით – ის მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს“-  განაცხადა ლუკა ტონიმ.

იტალიელი ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება – იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა.

 

მსგავსი თემები