თბილისში ავტომანქანების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

თბილისის მერის ინფორმაციით, ქალაქში 687 000 ავტომანქანა ფიქსირდება და ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია და ევროპულ ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია -ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფომაციით, თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე.

„ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე. ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები