საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს ჩეხეთთან მოგებულ შეხვედრაზე.
„ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ყოველთვის, რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის“- აღნიშნა გურამ კაშიამ.
„სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კი ამბობს, რომ „მთავარია ეს დონე შევინარჩუნოთ“.
„ჩეხეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შედეგშიც აისახა. სასიხარულოა, რომ მუხტი არ დავაგდეთ და ფეხი არ დაგვიცდა. ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. ასეთი კარგი დასაწყისი ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაგვეხმარება. მთავარია ეს დონე შევინარჩუნოთ. თანაბარი ჯგუფია და იმედია, პირველ ადგილზე გავალთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“- განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.