იზოლატორში ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მასთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა, პროცესს ესწრება ეძგვერაძის ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ დეპუტატზე იძალადეს და სხეულზე დაზიანებები აქვს.

,,გუშინ შემოვიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შსს-ს იზოლატორიდან შეტყობინება ირაკლი ეძგვერაძის დაზიანებით შესახლების თაობაზე. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გუშინვე შევხვდი ხსენებულ პიროვნებას, თუმცა მან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებაზე განაცხადა უარი, დღეს უკვე ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად შევხდები, მივიღებთ მისგან ინფორმაციას, რომელსაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს ჩვენი სამსახური”, – თქვა გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ეძგვერაძე 3 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ.

მსგავსი თემები