ირაკლი ეძგვერაძე იზოლატორში რჩება

პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გუშინ ღამით, გლდანში, საკუთარ სახლთან დააკავა.

,,მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის უწყებას ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯია”, – თქვა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ.

მსგავსი თემები