21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციურის თანამშრომელი სცემა – პროკურორი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ვეფხვაძის განმარტებით, ცინდელიანი თავს დაესხა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილეს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს.

ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს დასკვნით სიტყვას პროკურატურა წარმოთქვამს და ცინდელიანისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს, ხოლო მომდევნო პროცესზე უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას. შესაძლოა დუმილი დაარღვიოს თავად ბრალდებულმა ცინდელიანმაც.

მსგავსი თემები