“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია”- ომბუდსმენი

ომბუდსმენის ლევან იოსელიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება.

„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!” – აცხადებს იოსელიანი.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , – განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი თემები