“ნაცმოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას” – არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, “რუსთავი 2”-ის აღებასთან დაკავშირებით უბინძურეს პროვოკაციას უწოდება.

“მედიაცენტრი მთავარი” არჩილ თალაკვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას არ ემუქრება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად გაგრძელება და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ დაგეგმილია “რუსთავი 2”-ის ძალადობრივი აღება.

მსგავსი თემები