“აკრძალვების შემდეგ, საქართველოში პუტინის წინააღმდეგ განწყობილი შეძლებული ტურისტები ჩამოვლენ”- შალვა ალავერდაშვილი

“რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის მასა, რომელიც პუტინის წინააღმდეგ არის განწყობილი, საქართველოში უფრო მეტად ჩამოვა,” – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები მეტად მაღალმხარჯველ უნარიანები არიან, ვიდრე ისინი, ვინც აქამდე სტუმრობდა საქართველოს. ეს ფაქტი კი, ტურისტული მიმართულებით, მდგომარეობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

“რუსეთში ის მასა, რომელიც შედარებით მაღალმხარჯველ უნარიანია, მეტწილად განწყობილია თავიანთი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს ხალხი პროტესტის ნიშნად, უფრო მეტად ჩამოვა საქართველოში, ვიდრე ის დაბალმხარჯველ უნარიანი მასა, რომელიც აქამდე ჩამოდიოდა, ისინი დაემორჩილებიან თავის მეფეს”,- განაცხადა ალავერდაშვილმა.

ალავერდაშვილი თვლის, რომ რუსეთიდან ფრენის შეზღუდვა და ე.წ. ტურისტული ემბარგო, უფრო საქართველოს შავიზღვისპირეთს დააზარალებს, რამდენადაც აღმოსავლეთ საქართველოში რუსი ტურისტების წილი მცირეა. მისივე განცხადებით, ჯავშნების გაუქმება, დასავლეთ საქართველოში არსებულ სასტუმროებთან ერთად, ძირითადად, იმ ადამიანებს შეეხო, ვინც საცხოვრებელ ბინებს ისეთი ვებგვერდების მეშვეობით აქირავებს, როგორიცაა, Airbnb და booking.com. ალავერდაშვილის თქმით, ბევრმა ჯავშანი სწორედ ბინებზე გააუქმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა რუსეთის მიერ დაწესებულ “ტურისტულ ემბარგოს”, შეხვედრა სასტუმროთა წარმომადგენლებს შორის, ორშაბათს, 24 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართება.

“ვცდილობთ, მეტი ბაზრის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, ბოლო პერიოდში 20 სასტუმროს წარმომადგენლები ვიყავით წასული ტაშკენტში. ახალი ფრენები იწყება და დიდი იმედი მაქვს, ეს ბაზარი გაიხსნება.

კორეა საკმაოდ აქტიურია და იქიდან ტურისტთა რაოდენობა ყოველდღიურად გვემატება. დიდი მუშაობა მიდის ევროპასთან, ნორვეგიასთან, საიდანაც პირველი ტურისტული ნაკადები უკვე მივიღეთ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გერმანიის როლი. შარშან საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვიდა ამ ქვეყნიდან და წელს შემოსულთა რიცხვი, უკვე თითქმის შარშანდელს გაუტოლდა”,- აცხადებს ალავერდაშვილი “მთავართან”.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი თემები