თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობარი მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა. გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს. თავად ბრალდებულმა, პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა.
„მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს” – თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.
მკვლელობა 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერი 13:00 საათზე.