ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციონერ დეპუტატებს შესაძლოა რუსეთის მოქალქეობა ჩამოართვან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იმ ოპოზიციური ე.წ. დეპუტატებისთვის, რომლებიც “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციური „ტელეგრამ“ არხები RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მოსკოვი გეგმავს, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს შეუჩეროს ფინანსური დახმარება მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.

 

მსგავსი თემები