ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციას განუცხადა.
მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
“როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“- აცხადებს მილერი.