,,ბრალდებები კატეგორიულად მცდარია”, – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და ,,თბილისის მაიდანს” გეგმავს.
,,უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. კრემლი აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ მილერი, ,,ამერიკის ხმის” კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში.
მილერი, ასევე ეხმიანება ,,ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, პარტია ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას გეგმავს.
,,ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ წერილობით პასუხში, მილერი აცხადებს, რომ ,,შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია ,,ქართული ოცნების” მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით”. მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითია ,,ქართული ოცნების” განცხადებები, ,,ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ”.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას. ამასთან, შეერთებული შტატების საგარეო უწყება მას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.