უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. ის 49 წლის იყო. როგორც გარდაცვლილის შვილი, გიორგი კიპრიტიდი ამბობს, რამდენიმე ხნის წინ მამა ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

„ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის კლინიკაში მკურნალობდა. მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აღნიშნა შვილმა.

ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი თბილისში ცხოვრობს. ის პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს – აგვისტოს ომში.

ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან – ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ.

თავდაპირველად ის უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. თუმცა, თანამებრძოლებისა და მეგობრების ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

„ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოში სულ ორჯერ იყო ჩამოსული – ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ. მამა ძირითადად ფრონტის ხაზზე იყო. სულ ცდილობდა, არ შეემჩნია, რამდენად რთულ წერტილებში იბრძოდა. ჩვენც ვცდილობდით, რომ არ გვეჩვენებინა, რომ ვღელავდით. თუმცა, დღე არ გავიდოდა, რომ მისთვის შეტყობინება არ გამეგზავნა, არ მომეკითხა. ისიც, როგორც შეეძლო, ისე გვპასუხობდა“, – განაცხადა ,,რადიო თავისუფლებასთან” მისმა შვილმა.

ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს 30 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. მას თბილისში 3 სექტემბერს დაკრძალავენ.

მსგავსი თემები