ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროქტის ფარგლებში, ეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი პოსტ-ოპერაციული სივრცით. შენობები უზრუნველყოფილი იქნება როგორც სავენტილაციო და საკანალიზაციო, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემებით. გარდა ამისა, თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება. აღნიშნული მოწყობის წესი მნიშვნელოვანია დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით.
პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პოპულაციის მართვის პროცესს, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულია.