საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ეკა ბესელიამ მოსამართლეთა კოლეგიას დეტალურად გააცნო ის ზიანი, რომელიც უკვე მიადგა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით. მან მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რაც შეუქცევად საფრთხეს ქმნის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მოუწოდა, შეაჩერონ და გააუქმონ ,,ოცნების” მიერ მიღებული აქტის მოქმედება:
,,როდესაც საუბარია რუსულ კანონად წოდებული აქტის შეჩერებაზე, შეჩერების შემთხვევაში თქვენ ვინმეს უფლებებს დაარღვევთ თუ არა, ამაზე ცალსახა პასუხია, რომ – არა. ვის უფლებებს დაიცავთ? ალბათ ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც თავისი ქვეყნის მომავალი გააზრებული და დანახული აქვს ევროპულ ოჯახში…
სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი, ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი; სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს.
ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა როგორც სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით თავადაც უნდა უპასუხოს იმ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას და გაიაროს კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი.
სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი, თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან”, – მიმართა ეკა ბესელიამ მოსამართლეებს.