საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა. ამის შესახებ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა და არნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ.
დღეს 9-კაციან კოლეგიას ერთი მოსამართლე აკლია. მოსამართლე ირინა იმერლიშვილი სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება.
,,იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინ წინ, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული. სიფას (საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია) მიერ შემოტანილი. მაგრამ ვინაიდან და აქ არის ანალოგიური მოთხოვნები ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისთვის და პროცედურით განსაზღვრული სხვა წესების დაცვით, შეუძლებელი იყო მეხუთე, ამ სარჩელების გაერთიანება თქვენს სარჩელთან, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება, სავარაუდოდ, ალბათ ზეპირის მოსმენის გარეშე”, – აღნიშნა ტურავამ.
ამ წუთებში სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელის – პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. პლენუმს სიტყვით უკვე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. პრეზიდენტს განხილვაზე ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე წარადგენენ ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, ოპოზიციას დეპუტატები – თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს – ქეთევან ირემაძე, გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას წარადგენს – გელა მთივლიშვილი.
,,ქართულ ოცნების” პოზიცია ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს უნდა დაეცვა, თუმცა სხდომაზე დეპუტატები არ მისულან. პოზიციას პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები წარადგენენ.