“საქმე გვაქვს დიდ პროპაგანდასთან, თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე” – მოწოდება ემიგრანტებს

საბერძნეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ავთანდილ გიუნაშვილი შემაშფოთებელს უწოდებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით. გიუნაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს წინადადებას სთავაზობს, ყველამ ერთად, ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაატაროს.   

„მართლაც შემაშფოთებელია ის განცხადებები და მით უფრო მწვავედ აღსაქმელი სამშობლოდან შორს, რასაც ჩვენი მეზობელი რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები და მისი წარმომადგენლები აკეთებენ. 
ვფიქრობ , სამწუხარო და შემაშფოთებელია როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მეორე სახელმწიფოში წასვლას სრულიად უსაფუძვლო და პროვოკაციული მიზეზების გამო უკრძალავს და თანაც მათ სამშვიდობო მიზნებს პოლიტიკის ნაწილად ხდის , მიმაჩნია რომ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მის სამომავლო განვითარებას ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად მაინც ვერ დააზიანებს და მარტივი სტატისტიკითაც კი ნათელია რომ საქმე გვაქვს დიდ პროპაგანდასთან -თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე“, – აცხადებს გიუნაშვილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

„სწორედ ამიტომ, ჩემო უცხოეთში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრებო მეგობრებო, ემიგრანტებო და უბრალოდ ქართველებო მინდა მოგმართოთ და შემოგთავაზოთ, მოდით ყველამ ერთსულოვნად წლევანდელი ზაფხულის არდადეგები გავატაროთ საქართველოში , მოდით უფრო მეტად თითოეული ჩვენთაგანი გავხდეთ საქართველოს ტურიზმის ელჩები და უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენი საქართველო ჩვენს უცხოელ მეგობრებს, დავარწმუნოთ ისინი საკუთარი არდადეგებიც სწორედ საქართველოში გაატარონ და არა მსოფლიოს სხვა ტურისტულ ადგილებში. დარწმუნებული ვარ ჩვენ ემიგრანტები ამას შევძლებთ და მტრის მოლოდინი არათუ არ გამართლდება- ჩვენი სამშობლოს ეკონომიკის დაზიანების კუთხით, არამედ უფრო მეტადაც გაძლიერდება და გაცილებით მეტი ადამიანიც ეწვევა ჩვენს სამშობლოს.
მოდით, ემიგრანტები კიდევ ერთხელ ერთად დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს გვერდით და უფრო მეტ უცხოელს გავაცნოთ ჩვენი საქართველო და მისი უძველესი კულტურა და ტურისტული რესურსები
ყველამ ვისაც შეგვიძლია დავისვენოთ საქართველოში ,ხოლო ვისაც ეს არ შეგვიძლია სხვადასხვა მიზეზების გამო მეტი უცხოელი მეგობარი დავარწმუნოთ ისინი ეწვიონ საქართველოს!“

მსგავსი თემები