,,ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა” – კირბი

,,ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ისრაელის დასაცავად მზადაა”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება რთულია, თუმცა თეთრი სახლი ირანის რიტორიკას სერიოზულად აღიქვამს: ,,ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს”.

კირბი ამბობს, რომ შეერთებული შტატების გზავნილები ირანის მიმართ თანმიმდევრულია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

,,პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი. მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება”, – აცხადებს კირბი.

მსგავსი თემები