26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება, დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღესვე გაიმართა ცესკო-ს სხდომა, სადაც რამდენიმე განკარგულება მიიღეს.
„დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.