,,მკაფიოდ ვაცხადებ: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში” – ბაიდენი

რუსეთის გუშინდელ მასშტაბურ თავდასხმას უკრაინაზე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ოკუპანტი ქვეყნის სამიზნე უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ობიექტები იყო.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემას განაგრძობს.

,,დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ აღმაშფოთებელმა თავდასხმამ გამოიწვია უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და მიზანში ამოიღო 2 ათასზე მეტი კრიტიკული მნიშვნელობის ენერგეტიკული ობიექტი. უმკაცრესად ვგმობ, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის მცდელობებს ჩაძიროს უკრაინელი ხალხი სიბნელეში. მკაფიოდ ვაცხადებ: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასდროს გატყდება.

როგორც ნატოს სამიტზე განვაცხადე ივლისში, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს აღჭურვილობა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთი დამატებითი სისტემისთვის და მე ხელახლა მივაკუთვნე აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ექსპორტის პრიორიტეტი, რათა ისინი ჯერ უკრაინაში გაიგზავნოს. შეერთებული შტატები ასევე აწვდის უკრაინას ენერგეტიკულ აღჭურვილობას, რათა შეაკეთოს მისი სისტემები და გააძლიეროს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გამძლეობა.

როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი 23 აგვისტოს, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინელმა ხალხმა გაბედულად დაიცვა თავი რუსეთის შემოჭრისგან, დაიბრუნა რუსეთის ძალების მიერ ომის პირველ დღეებში მიტაცებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად და უკრაინული ძალები ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. შეერთებული შტატები უკრაინის ხალხის გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები