სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ფული აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრების მიერ სარფში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 40 000 აშშ დოლარი:

,,მიმდინარე წლის 22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.

კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები