,,როგორც 2012 წელს აიღო ენმ-მ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ,,ოცნება” ოპოზიციაში გადაბარგდება” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც 2012 წელს აიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ,,ოცნება” ოპოზიციაში გადაბარგდება!”.

„ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის გასაბითურებლად. როგორც ჩანს, „ოცნება“ გებელსის ცნობილ აქსიომას იყენებს, რომ რაც უფრო დიდი და დაუჯერებელია ტყუილი, მას მით უფრო იოლად იჯერებს ხალხი. ალბათ, ამის იმედზეა ბატონი ივანიშვილიც.

მეორე ტრიუკი არის განცხადება, თითქოს „ქოცებს“ არჩევნებში 60 % უკვე “ჯიბეში უდევთ” და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება უნდათ. ესეც იგივე მეთოდია, რომ დაუჯერებელი ტყუილი უფრო იოლად დააჯერონ ხალხს. სინამდვილეში, „ოცნება“ 30 %-ს აიღებს, ისიც ზოგიერთი რეგიონის ხარჯზე, დიდ ქალაქებში კი მათი რეიტიგი 25 %-ს არ ასცდება. როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ოცნება 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება.

მორიგი ტრიუკია, რომ ბატონი ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ლგბტ პროგანდის, ლგბტ ქორწინების არდაშვების და ასეთ ქორწინებაში შვილის აყვანის აკრძალვისთვის სჭირდებათ. ტრიუკი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისედაც აკრძალულია. ამის წინააღმდეგი კი მეც ვარ, ყველა ქართველიც და გაგვაგებინონ, ამ ყველაფრის მომხრე რომელი პარტია და ადამიანია საქართველოში?! გვაჯერებენ, ვითომ 60 % აქვთ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად 90 % უნდა აიღონ, არადა, ეს თემა საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება, „ქოცებს“ კი ოპოზიციაში გადაბარგება ელით!”, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები