Telegram-ის დამფუძნებელი შესაძლოა ბაქოში პუტინთან შეხვედრას ცდილობდა

Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ ბაქოში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ცდილობდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ თავის Telegram-არხზე დაწერა.

,,შესაძლოა, დუროვი რამდენიმე დღის წინ ბაქოში პუტინთან შეხვედრა ცდილობდა და მას უარი ეთქვა. ახლა რუსეთში ისტერიაა, რომ ერთადერთი სანდო რუსული მესენჯერი, Telegram, შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის კონტროლის ქვეშ” – აღნიშნა კოვალენკომ.

მისი თქმით, დუროვის ისტორია მოსკოვისთვის არის “მარცხი, რომელშიც პუტინის მთელი გარემოცვაა დამნაშავე, ვაინოდან პატრუშევამდე”.

ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ Telegram არის ნომერ პირველი მესენჯერი უკრაინაში. ინდოეთში 300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და “მალე ის გახდება ნომერ პირველი სამხრეთ და ლათინურ ამერიკაში”.

კოვალენკომ აღნიშნა, რომ დუროვის დაპატიმრება შეიძლება შეედაროს მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელების მიერ Enigma-ს გატეხას და რომ Telegram ერთადერთი მესინჯერია, რომელსაც რუსული არმია აქტიურად იყენებს.

,,დუროვს ბრალად ედება, რომ ის არ თანამშრომლობდა საფრანგეთის პოლიციასთან ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. უახლოეს თვეებში რუსეთს ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულებენ. მძიმე დრო ელის გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს, რადგან ისინი ითვლებიან ჯაშუშობის ამ სფეროს მთავარ “პასუხისმგებლებად”, – წერს ის.

გარდა ამისა, კოვალენკომ დასძინა, რომ დუროვის საქმის წყალობით, “ევროპაში რუსული სადაზვერვო ქსელი შეიძლება დაიშალოს”.

 

მსგავსი თემები