27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს, 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

იქამდე კი ბრალდებულმა სხდომაზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო.

,,ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, – თქვა გიორგი კავლელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში მკვლელობა იანვარში მოხდა. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები