“მე ვნახე უამრავი თანამოქალაქე დასახიჩრებული, მაგრამ ვერ ვნახე ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი” – აქციის მონაწილე


“მე ვნახე ჩემი უამრავი თანამოქალაქე, ჩვენი დები და ძმები დასახიჩრებული და მე ვერ ვნახე ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი”, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს და პოლიტპატიმრებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, საპროტესტო ტალღა სოლოლაკის სასახლისკენ გადაინაცვლებს.

“მივესალმები საქართველოს ერთიანობისთვის შეწირულ გმირთა ოჯახის წევრებს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ მთავრობის მოქმედებით გუშინდელი დღის შემდეგ, არის დაზიანებული, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს.

ჩვენ რიგითობა უნდა განვსაზღვროთ, მესმის, რომ ვიღაცები არიან გადასაყენებელი, მაგრამ გუშინდელი დღის შემდეგ, დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს 305 პოლიტპატიმარი და ეს არის ამ ხელისუფლების ძალიან ცუდი დამსახურება.

ვიდრე მოვითხოვდეთ ვიღაცების გადაყენებას, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვითხოვოთ ამ ადამიანების გათავისუფლება დაუყოვნებლივ.

სოლოლაკის რეზიდენცია აქედან არ არის შორს, იმ შემთხვევაში თუ ეს ახალგაზრდები არ იქნებიან გათავისუფლებული, შუშა-შუშა ჩამოვუმტვრევთ ბიძინა ივანიშვილს იმ სასახლეს.

ჩვენ მოვითმინეთ შიმშილი, ჩვენ მოვითმინეთ უშუქობა, ჩვენ მოვითმინეთ ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ქართველი ერი არასდროს ითმენს ღირსების შელახვას. გუშინდელი დღე იყო ჩვენი ღირსების შელახვა და დღეს იწყება ღირსების აღდგენის პროცესი.

ღირსების აღდგენის პროცესთან ერთად იწყება “ქართული ოცნების” დამთავრების პროცესი.

გარდა ამისა, მე ვნახე ჩემი უამრავი თანამოქალაქე, ჩვენი დები და ძმები დასახიჩრებული და მე ვერ ვნახე ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი.

მივმართავ თითოეულ მათგანს, ვინც დღეს გაბედავს და სიტყვით გამოვა, მობრძანდება და დაუდგება ქართველ ხალხს, – ნება იბოძონ და დარჩნენ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაცილებთ მათ პოლიტიკურ სანაგვეზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად,” – აცხადებს აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები