ქვეყნის სპეცსამსახურებმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა უბედურ შემთხვევად აღიარეს

ავიაკატასტროფა, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიღუპა, უბედურ შემთხვევად აღიარეს. ირანული სააგენტო Fars-ი ინფორმაციას ქვეყნის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიების ფარგლებში ირანის სპეცსამსახურებმა „დაახლოებით 30 ათასი ადამიანი შეამოწმეს“ და გამორიცხეს ვერსია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ადამიანური ფაქტორი ყოფილიყო.

ბორტზე ასევე არ იყო აღმოჩენილი რაიმე ქიმიური ან მომწამვლელი ნივთიერებები. სპეცსამსახურებმა ასევე გამორიცხეს დივერსია და ვერტმფრენის ელექტრონულ სისტემებზე დისტანციურად რაიმე ზემოქმედების ვერსია.

Fars-ის წყაროს ცნობით, ავიაკატასტროფა ორმა ფაქტორმა გამოიწვია: ამინდის პირობებმა და გადატვირთულობამ.

„ვერტმფრენის ბორტზე, რომელსაც პრეზიდენტი გადაჰყავდა, მეტი მგზავრი იყო, ვიდრე ამას უსაფრთხოების პროტოკოლი ითვალისწინებს. როდესაც პილოტმა ნისლი შენიშნა და ვერტმფრენის საჭირო სიმაღლეზე გაყვანა სცადა, ვერტმფრენს ამისთვის სიმძლავრე არ ეყო და შეზღუდული ხილვადობის პირობებში ის მთას შეეჯახა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Fars-ის სტატიას „სრული სიცრუე“ უწოდა.

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

მსგავსი თემები