პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს განიხილავენ

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან განიხილავენ კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს.
განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კურსკში ბუფერული ზონის მოწყობას აპირებს. თუმცა, რაიდერის განცხადებით, აშშ უკრაინელებისაგან მათი ამოცანების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

„რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა აიძულეს რუსებს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციამ, ცხადია, მოახდინა კრეატიულობისა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება, მაგრამ როდესაც საქმე მიდის უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე, ჩვენ ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ მათთან”, – განაცხადა რაიდერმა.

პენტაგონში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში მცირე რაოდენობის სამხედრო ძალა გააგზავნა, რათა რეაგირება მოახდინოს.

პენტაგონში კვლავაც გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთის შიგნით ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენების პოლიტიკა არ შეცვლილა.

ასევე, პენტაგონში განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წარმომადგენელთა საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ე.წ. რამშატინის ფორმატში, 6 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები