გერმანიის პოლიტიკოსები მოუწოდებენ მთავრობას, არ შეამციროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას, არ შეამციროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

„ეს იქნებოდა ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული თანხა ახალი სამხედრო დახმარებისთვის“, – განაცხადა როთმა Funke Mediengruppe-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როთმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია „პირველად რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გადავიდა შეტევაზე და ახლა ქვეყანას სჭირდება სრული მხარდაჭერა თავისი უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოკავშირისგან ევროპაში – გერმანიისგან“. მან ასევე არასაკმარისად მიიჩნია 50 მილიარდი დოლარი, რომელსაც კიევს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დაჰპირდნენ.

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტა გააკრიტიკეს სხვა გერმანელმა პოლიტიკოსებმაც. ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, ნორბერტ როტგენმა მმართველი კოალიცია დაადანაშაულა, რომ ის „დონალდ ტრამპის სტილის პოლიტიკას აწარმოებს და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე“ წყვეტს უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას.

მსგავსი თემები