ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა (იხილეთ დადგენილება №253 – https://nfa.gov.ge/Ge/Legislation) .
„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“ (დანართი №2).
ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.
დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აღებული საექსპორტო თხილის ნიმუშის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად იმ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც უზრუნველყოფს „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №497 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტით − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №547 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში შედის:
1.გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით);
2. თხილის გული, რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას ან სხვა სახის დამუშავებას;
3. გადამუშავებული თხილის გული, განკუთვნილი პირდაპირი მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადამუშავების გარეშე და არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას ან სხვა სახის დამუშავებას.
„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილების კონსოლიდირებული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან (მთავრობის დადგენილებები – უნივერსალური): https://nfa.gov.ge/Ge/Legislation