ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას,  სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში მოდი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდის ვიზიტი რუსეთში „უზარმაზარ იმედგაცრუებად და სამშვიდობო პროცესისთვის დარტყმად“ შეაფასა.

მოდისა და პუტინის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინდოეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც მოტყუებით აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე და რუსეთის არმიის შემადგენლობაში ფრონტზე აღმოჩნდნენ. ვიზიტის შედეგების მიხედვით, ინდური პრესა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოდიმ და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს ინდოეთის მოქალაქეების კონტრაქტების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.

 

მსგავსი თემები